ტექნიკური ინსპექტირება ავტომობილის მდგომარეობას ამოწმებს და სავალდებულო მოთხოვნებთან მის შესაბამისობას ადგენს. ის საჭიროა მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, თუმცა მანქანის მფლობელს შეუძლია ნებაყოფლობითაც გაიაროს.
ტექდათვალიერების გავლა აუცილებელია ქვეყანაში არსებული ნებისმიერი ავტომფლობელისთვის. სახელმწიფო ადგენს სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების და ტექნიკური მდგომარეობის კრიტერიუმებს. ავტომფლობელი კი ვალდებულია დაიცვას ისინი და დაადასტუროს მანქანის შესაბამისობა.
ტექდათვალიერებას ატარებენ აკრეტიდებული ტექინსპექტირების ცენტრები. მათი მოქმედების რეგლამენტს და მომსახურების ღირებულებას ადგენს საქართველოს მთავრობა.
რა პასუხისმგებლობები ეკისრებათ ინსპექტირების ოპერატორებს?
ტექნიკური ინსპექტირების ოპერატორი ვალდებულია:
- ჩაატაროს შემოწმება;
- შეადგინოს დიაგნოსტიკური ბარათი ერთიან საინფორმაციო სისტემაში, აღწეროს მანქანის ტენიკური მდგომარეობა;
- უზრუნველყოს ტექნიკური დათვალიერებისას წარმოდგენილი ავტომობილის უსაფრთხოება;
ოპერატორი ვალდებულია მომსახურება გაუწიოს ნებისმიერ ავტომფლობელს. არ აქვს მნიშველობა მის ფაქტობრივ მისამართს. მანქანის სახელმწიფო რეგისტრაციის რეგიონს მნიშვნელობა არ აქვს. ოპერატორს არ აქვს უფლება ვინმე გადაგზავნოს ტექნიკური ინსპექტირებისთვის მისი რეგისტრაციის ადგილზე.
როდის არის საჭირო ტექდათვალიერების გავლა?
შემოწმების სიხშირე დამოკიდებულია მანქანის ასაკზე. იმისთვის რომ ზუსტი ვადა გამოთვალოთ მანქანის რეგისტრაციის მოწმობა უნდა შეამოწმოთ.
თუ ავტომობილი ახალია და 4 წელი არ არის გასული მისი გამოშვებიდან, ის არ საჭიროებს ტექდათვალიერებას. 4-8 წლამდე ავტომობილებისთვის შემოწმება ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ხოლო 8 წელზე მეტი ასაკის მანქანებისთვის ყოველწლიურად.
ტექნიკური შემოწმებისგან თავისუფლდებიან ის მანქანები, რომელთა სიჩქარე 25 კმ/სთ-ს არ აღემატება. ასევე ისტორიული თვალსაზრისით დაცული მოდელები და უძრავად მყოფი ავტომობილები.
რას შეამოწმებენ ტექდათვალიერებისას?
- სამუხრუჭე სისტემების მდგომარეობა;
- შუშების მდგომარეობა და ხილვადობა;
- ყველა ტიპის ქარხნულად გათვალისწინებული ნათურა;
- საჭის მართვის სისტემის მდგომარეობა;
- შასი თავის შემადგენელი ნაწილებით;
- გამონაბოლქვი და მისი უარყოფითი ზემოქმედება;
- საბურავები და დაკიდება;
- სარკეების მდგომარეობა;
- ფარები და ელექტრომოწყობილობები;
- ავტომობილის კორპუსი;
ავტომობილს დათვალიერებისას ქვემოდან ფარნით ამოწმებენ. თუ რომელიმე ნაწილი ჩამოვარდნილია ან ზეთი ჟონავს შესაძლოა ტექდათვალიერება ვერ გაიაროთ. უმჯობესია შემოწმებამდე ტექნიკოსის მომსახურებით ისარგებლოთ და
ყველა დეტალი საგულდაგულოდ გაასუფთავოთ.
რა საბუთები უნდა წარვადგინოთ ტექდათვალიერებაზე?
აუცილებელია თან იქონიოთ
ტექპასპორტი, მისი ასლი ან ფოტო. ასევე
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. თუ ავტომობილი გაზზე მუშაობს, მაშინ შესაბამისი საბუთიც. შესაძლებელია თქვენს მაგივრად ავტომობილი ტექდათვალიერებაზე ოჯახის წევრმა ან მეგობარმა გაიყვანოს. ამ მიმართულებით შეზღუდვა არ მოქმედებს.
თუ ტექდათვალიერება ვერ გაიარეთ
თუ თქვენი ავტომობილი დახარვეზდა
მოგეცემათ 30 კალენდარული დღე. თუ ამ პერიოდში ხარვეზებს გამოასწორებთ და განმეორებით შემოწმებაზე გახვალთ გადაიხდით 20 ლარს მსუბუქი ავტომობილებისთვის, 30 ლარი M2, M3, N2, N3 ავტომობილებისთვის, ხოლო ელექტრომობილებისთვის 15 ლარი.
განმეორებითი ინსპექტირება ამოწმებს ავტომობილის უკვე დახარვეზებულ დეტალებს.
თუ ავტომობილი ხელმეორედ დახარვეზდება ის თავიდან უნდა შემოწმდეს პირველადი ინსპექტირების წესით
10 კალენდარულ დღეში. ასევე გადაიხდის პირველადი ინსპექტირების საფასურს. 10 დღიანი ვადის მიცემა ავტომფლობელისთვის შესაძლებელია იმდენჯერ და იმ დრომდე სანამ ხარვეზები არ გამოსწორდება. ყოველ ჯერზე ის გადაიხდის პირველადი ტექინსპექტირების საფასურს.
განმეორებითი ინსპექტირების გადავადება არ ხდება. თუ შესაბამის ვადებში ვერ ჩაეტევით თავიდან მოგიწევთ პირველადი ინსპექტირების გავლა. სრულ შემოწმებას დაახლოებით 20 წუთი სჭირდება.
ტექინსპექტირების პროცესს შესაძლებელია თვალი ადევნოთ გამჭვირვალე შუშებიდან. უსაფრთხოების დაცვის მიზნით ინსპექტირების პროცესზე უშუალო დასწრება არ არის დაშვებული.
როგორ გადავიხადო ტექინსპექტირების საფასური?
ინსპექტირების ცენტრებში გადახდა შესაძლებლია ნებისმიერი პლასტიკური ბარათით. ასევე ინტერნეტბანკით და სწრაფი გადახდის აპარატით. ადგილზე აუცილებელია თან იქონიოთ გადახდის ქვითარი.
სად შევამოწმო ავტომობილი ტექდათვალიერებამდე?
თუ ტექინსპექტირების დრო მოახლოვდა და თქვენ ავტომობილის შემოწმებას გეგმავთ, ჩვენს ვებგვერდზე
საჭირო სპეციალისტს მარტივად იპოვით. ამისთვის საჭიროა გაეცნოთ განცხადებებს, წაიკითხოთ მომხმარებელთა კომენტარები და სპეციალისტი თქვენივე მისამართზე გამოიძახოთ. ამ გზით თქვენ თავიდან აირიდებთ მანქანის გაუმართაობის გამო წარმოქმნილ პრობლემებს და დახარვეზების რისკებს.
გაითვალისწინეთ რომ მომსახურებაზე ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს. სერვისის ღირებულება სამუშაოს მოცულობიდან და აღმოსაფხვრელი პრობლემების სირთულიდან გამომდინარე დაანგარიშდება.