ბეშუმი მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პოპულარული კურორტია. მდებარეობს ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 1850-2000 მეტრზე, ბათუმიდან 120 კმ.-ში. აქაური გარემო, გამოირჩევა სიმყუდროვით და მთის ფერდობზე განლაგებული ძველებური ხის კოტეჯები, კურორტს ავთენტურ იერსახეს უნარჩუნებს.
კურორტზე ბევრი საპიკნიკე და საკარვე ადგილია, ასევე შესაძლებელია საფეხმავლო, საცხენოსნო და სათავგადასავლო ტურების მოწყობა. თუ ფეხით სიარული, ბუნებასთან სიახლოვე და ადგილობრივი კულტურის აღმოჩენა გიზიდავთ ეს ადგილი თქვენთვისაა. ბეშუმისკენ მიმავალ გზაზე გაივლით აჭარისწყალის ხეობაში, სადაც დღემდეა დაცული კოლხეთის უნიკალური მცენარეული საფარი. აჭარისწყალის შენაკადები კი ბევრ ადგილას ლამაზ ჩანჩქერებს ქმნიან. ამის გარდა, აქაური ალპური და წიწვოვანი მცენარეების საუკეთესო კომბინაცია დასვენებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის. კურორტის ტერიტორიაზე არსებული მინერალური წყაროები ასევე კარგი საშუალებაა საჭმლის მომნელებელი სისტემის სამკურნალოდაც.
აღნიშნავენ თუ არა ბეშუმში შუამთობას ?
ბეშუმში ყოველწლიურად, აგვისტოს პირველ უქმეებზე, იმართება შუამთობის სახალხო დღესასწაული, რომელიც უძველესია და შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე. დღესასწაულის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ადგილობრივი კერძების გამოფენა. ეწყობა შეჯიბრებები დოღსა და სპორტის სხვადასხვა სახეობებში.
რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ბეშუმში სახლს იქირავებთ
ზამთრის სეზონზე ბეშუმში თოვლის სიმაღლე 5-6 მეტრსაც კი აღწევს, ამიტომ, როგორც საკურორტო ადგილი წლის ამ პერიოდში დაკეტილია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია ამ დროს მისი მონახულება. პირიქით, აქ დაგხვდებათ ულამაზესი თოვლიანი პეიზაჟები და თუ ისეთ ადგილზე გინდათ ყოფნა, სადაც ცოტა ხნით მართლაც განმარტოვდებით, ბეშუმი საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
რაც შეეხება, ზაფხულის სეზონს, ბეშუმი იდეალურია ზაფხულის დასვენებისთვის. თუ ბეშუმში სახლის ქირაობა გადაწყვიტეთ გაითვალისწინეთ, რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის: დროულად დაჯავშნეთ, გადაამოწმეთ როგორ მუშაობს კომუნიკაციები, არის თუ არა სასმელი წყალი და გათბობა. უმჯობესია, ცენტრალურ გზასთან ახლოს მდებარე სახლი იქირაოთ, ფასები ცვალებადია და დამოკიდებულია სეზონზე და კომფორტზე.