თარგმნის პროცესი ტექსტის ერთი ენიდან მეორეზე მექანიკური გადატანა არ არის, თარგმნა მოითხოვს მაღალ პროფესიულ სტანდარტებსა და ეთიკური ნორმების მკაცრ დაცვას.
მთარგმნელის პროფესიული ეთიკა არის იმ პრინციპებისა და ღირებულებების ერთობლიობა, რაც უზრუნველყოფს
მაღალი ხარისხის თარგმანსა და სანდოობას.
ძირითადი ეთიკური ნორმებიდან უპირველესად უნდა აღინიშნოს კონფიდენციალურობა.
მთარგმნელი ხშირად სენსიტიურ ინფორმაციაზე მუშაობს - იქნება ეს პაციენტის სამედიცინო ისტორია, კომპანიის კომერციული საიდუმლოება თუ პირადი დოკუმენტაცია.
პროფესიული ეთიკა მოითხოვს ამ ინფორმაციის მკაცრ დაცვას.
მთარგმნელი ვალდებულია:
- დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა
- არ გაამჟღავნოს კლიენტის პირადი მონაცემები
- უსაფრთხოდ შეინახოს დოკუმენტაცია
- სჭიროების შემთხევაში გაანადგუროს სამუშაო მასალები პროექტის დასრულების შემდეგ მეორე მნიშვნელოვან პრინციპს ცოდნის კომპეტენციის განსაზღვრა წარმოადგენს.
ტექსტის თარგმნა საკმაოდ კომპლექსური, საპასუხისმგებლო და შრომატევადი პროცესია, შესაბამისად მთარგმნელმა უნდა განსაზღვროს, რამდენად არის მზად ამა თუ იმ ტექსტის სათარგმნად.
უნდა იცოდეს საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები და არ აიღოს ისეთი დავალება, რომლის შესრულებასაც ვერ შეძლებს სათანადო ხარისხით.
მაგალითად, თუ მთარგმნელს არ აქვს სპეციალური ცოდნა სამედიცინო სფეროში, მან საკუთარ თავზე არ უნდა აიღოს რთული სამედიცინო ტექსტების გადათარგმნა.
მნიშვნელოვანი ასპექტია ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მთარგმნელმა უარი უნდა განაცხადოს დავალებაზე თუ არსებობს ინტერესთა კონფლიქტის რისკი.
მაგალითად, თუ მთარგმნელს უწევს ორი კონკურენტი კომპანიის დოკუმენტებზე მუშაობა, მან უნდა აცნობოს ამის შესახებ დამკვეთებს და საჭიროების შემთხვევაში უარი თქვას ერთ-ერთ დავალებაზე.
მნიშვნელოვან ეთიკურ ასპექტს წარმოადგენს ასევე კულტურული სენსიტიურობა.
მთარგმნელმა უნდა გაითვალისწინოს კულტურული განსხვავებები და უზრუნველყოს ტექსტის ადეკვატური თარგმანი სამიზნე აუდიტორიისთვის, ისე რომ არ დაამახინჯოს ორიგინალის აზრი.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხატვრული ლიტერატურის თარგმნისას.
პროფესიული კოლეგიალობა ასევე წარმოადგენს ეთიკურ პრინციპს. მთარგმნელებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის შრომას, არ მიითვისონ სხვისი ნამუშევარი, გაუზიარონ გამოცდილება დამწყებ კოლეგებს და ხელი შეუწყონ პროფესიის განვითარებას.
ასევე მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის აღება საკუთარ შეცდომებზე.
თუ მთარგმნელი აღმოაჩენს შეცდომას თავის ნამუშევარში, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ დამკვეთს და გამოასწოროს ის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ისეთ სფეროებში, სადაც შეცდომამ შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს.
ეთიკური ნორმების დაცვასთან ერთად მნიშვნელოვანია ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპი.
მთარგმნელი ვალდებულია მაქსიმალური სიზუსტით გადმოსცეს საწყისი ტექსტის შინაარსი და აზრი. ეს გულისხმობს არა მხოლოდ სიტყვასიტყვით თარგმნას, არამედ ტექსტის სულისკვეთების, ემოციური ელფერისა და სტილისტური თავისებურებების შენარჩუნებას.